შთაბეჭდილება იქმნება, რომ 2022 წელს – ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გეოპოლიტიკური როლი გადაიაზრა და გაფართოების სტრატეგიაზე გადაერთო, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახულია ნაჩქარევ განცხადებად – ახლა არის ან ამ პირობიდან გასვლის ან გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების მცდელობები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სერბეთში განაცხადა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
პაპუაშვილის თქმით, მსგავსი გამოწვევები თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს.
პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ, ერთმანეთს შეეხიდოს და გვერდით გაუდგეს.
„რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე. შთაბეჭდილება იქმნება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი გადაიაზრა და გაფართოების სტრატეგიაზე გადაერთო, ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახულია როგორც ნაჩქარევი განცხადებები. ახლა არის ან ამ პირობიდან გასვლის ან გაფართოების გზაზე ახალი პირობების წამოყენების მცდელობები – ისეთი პირობების, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი რომელიმე ქვეყნისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს.
ასე რომ, არაფერია ახალი წინაღობებსა და სირთულეებში, რასაც საქართველოში ვგრძნობთ. ამ ორმა დღემ მათ შორის ეს დაადასტურა. მსგავსი გამოწვევები თითქმის ყველა კანდიდატ ქვეყანას აქვს – ხან ეს არის ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ხანდახან არის ბრიუსელი, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულებები აქვს, რომელიც არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის ახალმოგონილი დამატებითი კრიტერიუმები თუ წინაპირობები, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება.
ასე რომ, მნიშვნელოვანია ამ მხრივ ჩვენ ერთიანი ვიყოთ, ვინაიდან ამ ურთიერთობაში ცალ-ცალკე ჩვენ თანასწორი არა ვართ, რადგან საქმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გვაქვს, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია ნებისმიერი წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
