მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება. მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში… ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს – ირაკლი კობახიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა – ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადების, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტაჯიკეთში 11 სხვადასხვა შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება მოხდეს, ასევე „არსებობს, პერსპექტივა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა განვითარდეს“.

ევროპარლამერტის რეზოლუციის სეფასებისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. მისი თქმით, ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან.

„უკვე აღარც მახსოვს მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს ამ რეზოლუციაში, დისკრიმინაციული მოთხოვნა. ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. ქართული საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიისგან, ევროპარლამენტისგან, თუმცა ვხედავთ, რომ დრეს არის განსხვავებული მიდგომები ჩამოყალიბებული. არ შეიძლება, მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *