სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ.
107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32%-ის მხარდაჭერა აქვთ.
„სამოქალაქო კონტრაქტის“ კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობისთვის.
არჩევნებში მონაწილეობას იღებენ „სომხეთის ალიანსი“ და მისი ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ასევე – გაგიკ წარუკიანის „სომხეთის კეთილდღეობა“.
აღსანიშნავია, რომ, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 40% ამბობს, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ ენდობა.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
***
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხური მედია წერს. სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საჭირო პროცედურები.
მედიის ცნობით, ბლოკის, „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მაცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა აღნიშნული ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა.
****
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობას ვერ ხედავს და ამაზე საუბარს ხელოვნურად მიიჩნევს, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„ვერ ვხედავ ვერანაირ დაძაბულობას; ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სომხეთში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მცდელობები არაეფექტურია.
„სომხეთში მოქმედი ზოგიერთი ძალა ცდილობს დაძაბულობის შექმნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა არ იქმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან“, – განაცხადა ფაშინიანმა.
***
ჩემი არჩევანი გავაკეთე, რათა უფალმა შეინარჩუნოს სომხური სახელმწიფო ურყევი, დალოცოს ჩვენი ხალხი რთული განსაცდელების დასაძლევად და ძლიერი, უსაფრთხო, კანონმორჩილი სახელმწიფოს შესაქმნელად, – ამის შესახებ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II-მ ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„უფალმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა. უფლის წყალობა იყოს ჩვენთან და მშვიდობა მოგვანიჭოს“, – აღნიშნა გარეგინ II-მ.
