სააკაშვილის ბნელ დროში დავბრუნდით, თუ რა ხდება? – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი კითხულობს და პენიტენციურ სისტემაში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარ ფაქტებს და პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება.
“პენიტენციურ სისტემაში ყოველდღიურად რაღაცა ხდება და სისტემის ხელმძღვანელობა სტანდარტულად ამტკიცებს, რომ არაფერი არ მომხდარა.
ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმარი საწოლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, თუ საწოლი უსაფრთხო არაა და გადმოვარდნის რისკი არსებობს, რატომ დგას ასეთი საწოლი საკანში?!
რუსთავის მე-6 დაწესებულების პატიმარი ლაშა ჩაჩანიძე და სხვა პატიმრები, თურმე, ბადრაგს არ უცემია, თურმე, არც სპეცრაზმი ყოფილა შესული ციხეში, თურმე, არც ბუნტი ყოფილა და არც შიმშილობა, არადა, იყო!
ეს შოთა ტრაპარიძე საერთოდ ფრთიანი ანგელოზი ყოფილა, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას რომ ჰკითხო. ამდენი პატიმარი, თურმე, ტყუის, როცა ტრაპაიძეს ხელს ადებენ,- ფიზიკურად გაგვისწორდაო. ბადრაგის მოძალადე წევრებს მადლობას უხდიან და ამით დანაშაულს ახალისებენ! მალე მოძალადეებს ღირსების ორდენებზე წარადგენენ, ესეც არ გამიკვირდება.
ამავე პერიოდში პატიმარმა რუსთავის მე-17 დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო და ესეც ისე მოულოდნელად მოხდა, თურმე, საკანში 20-მა კაცმა ვერაფერი გაიგო და დაინახაო.
გიორგი დავითაძის საქმე საერთოდ დახურეს, დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოვაჩინეთო. არადა, პრემიერი პირდაპირ ჩაერია გამოძიების პროცესში და მისი შედეგები განსაზღვრა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ნიშნავს.
ნეტავ, რატომ მახსენდება 2010-2011 წლები, როცა გვარწმუნებდნენ, რომ უამრავი პატიმარი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ზოგს გული გაუსკდა, ზოგს ღვიძლი დაეშალა, ზოგს სიმსივნე ჰქონდა… არადა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი და სიკვდილის მიზეზი სწორედ ძალადობა იყო.
აი, ამას რომ ვწერ ახლა, პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას ვეწევი, საბოტაჟს, თუ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია მაქვს დაგეგმილი? სააკაშვილის ბნელ დროში დავბრუნდით, თუ რა ხდება? – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.



