ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოვირიძე აცხადებსმ, რომ ციფრულ სამყაროში ციფრული ფულის გაჩენა გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ელექტრონულ ერაში-ელექტრონულის.
მისი თქმით, ციფრული ფული ზუსტად ასახავს იმ ევოლუციურ კანონზომიერებას, რომლითაც ფული და ტექნოლოგიები ერთმანეთს მიჰყვება ისტორიის განმავლობაში.
“ფული არ არის მხოლოდ ფიზიკური ობიექტი (მონეტა ან ქაღალდის ბანკნოტი). ის თავისი არსით, ინფორმაციული ტექნოლოგიაა – მექანიზმი, რომელიც აღრიცხავს, ინახავს და გადასცემს ღირებულებას ადამიანებს შორის.
როდესაც იცვლება ადამიანის ტექნოლოგიური გარემო, ფულიც გარდაუვალად იცვლის თავის ფორმას, რომ ახალ რეალობას მოერგოს:
-აგრარულ ეპოქაში ღირებულებას საქონელი და ძვირფასი ლითონები გადასცემდა;
-ინდუსტრიულმა რევოლუციამ და გლობალურმა ვაჭრობამ ქაღალდის ფული მოითხოვა;
-ელექტრონულ ერაში გაჩნდა საბანკო გადარიცხვები და პლასტიკური ბარათები;
-დღევანდელ ციფრულ სამყაროში კი, სადაც ეკონომიკა ინტერნეტ-სივრცეში გადავიდა, ფულის შემდგომი ტრანსფორმაცია აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკური ეტაპია.
საბოლოო ჯამში, ციფრული ფული ორლესული ხმალივითაა-ერთ მხარეს უზარმაზარი სიკეთეა (მყისიერი სიჩქარე, დაბალი დანახარჯები და გლობალური ხელმისაწვდომობა), ხოლო მეორე მხარეს-სერიოზული საფრთხეები: კიბერუსაფრთხოების რისკები და არადემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ფინანსებზე კონტროლის დამყარება. სახელმწიფო (ცენტრალიზებულმა) ციფრულმა ვალუტამ არადემოკრატიულ რეჟიმებს შეიძლება მისცეს ბერკეტი, აკონტროლონ მოქალაქეთა თითოეული ტრანსაქცია, შეზღუდონ ფინანსური თავისუფლება ან თუნდაც „გამოურთონ“ ფინანსებზე წვდომა არასასურველ პირებს.
ამასთან, ციფრული ფულის შემოღება არ ნიშნავს ტრადიციული ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორების გაუქმებას-ის მხოლოდ მათ გვერდით არსებული დამატებითი არჩევანია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო დონეზე მუდამ იყოს გარანტირებული როგორც ქაღალდის ფულის, ისე ტრადიციული საბანკო ანგარიშსწორების შეუფერხებელი არსებობა.
ცხადია, პანიკის დათესვა საჭირო არ არის-ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ უნდა იქცეს ისეთ აბსტრაქტულ შიშებად, როგორიც თავის დროზე საყოველთაო დაჩიპვისა თუ პირადობის მოწმობაში 666 კომბინაციის საფრთხე მიაჩნდა ზოგიერთებს. თუმცა, რეალური რისკებისგან თავის დასაცავად საჭიროა მტკიცე კონსტიტუციური გარანტიები, სიფრთხილე და აუჩქარებლობა. პროცესს სჭირდება ტექნოლოგიური უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა, გონივრული რეგულირება და მომხმარებლის ციფრული განათლების ამაღლება.
საქართველოში ეროვნული ბანკის ციფრული ფულის დანერგვა არ არის უახლოესი მომავლის საკითხი. თუ რა უნდა გაკეთდეს მისი შემოღების პროცესში, ამაზე დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ” – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.



