ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა ძალიან სამწუხაროა – რომ არ გვცოდნოდა რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილის სახით „მორიგი ბოდვა ვიხილეთ“ და „ამ ზღაპრების არავის სჯერა“.
„ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ხედავდით კადრებს, რომ მისი სახლიდან რამდენიმე მილიონი და ოქროს ზოდები ამოიღეს. ეს ყველაფერი აღიარებული აქვს და შემდეგ გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში დამნაშავე არ ყოფილა. სამწუხაროდ, გუშინაც მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების, რა თქმა უნდა, არავის სჯერა. ძალიან სამწუხაროა, ჩვენი გუნდის ყოფილი ერთ-ერთი ლიდერის ასეთ დონეზე დაცემა. რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
