ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება – ენმ

დღის სიახლეები პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის წარმომადგენლები.

როგორც ფავლენიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ბიძინა ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული იქნება“.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქცეული მორდორის კიდევ ერთ კარიბჭედ საქართველოში. აქ პუტინის რუსეთიდან, ანუ მორდორიდან უკონტროლოდ, მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომდგენლები. როგორც „ოცნების“ რუსული პროპაგანდა გვეუბნება, ამ ხალხის დიდი ნაწილი ტურისტი არ გახლავთ. ჩვენ ვებრძვით არა ტურიზმს და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოში მოხდეს საქართველოს მოქალაქეების, ქართული ბიზნესის ჩანაცვლება. მარტო 2022 წლიდან მოყოლებული, 40 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა საქართველოში. ეს კომპანიები ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფს, კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არასდროს ისეთი ინტენსიური ფრენები არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც დღეს არის. არც საბჭოთა კავშირის დროს. მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი ხორციელდება მთელი დღის განმავლობაში, მარტო „ჯორჯიან ეარვეისი“ დაახლოებით 4 რეისს ახორციელებს. არის სრულიად ახალი მიმართულებებიც, რომელიც აქამდე არც არსებობდა, თან ეს არის რუსეთის ინდუსტრიული ცენტრები. გონივრული ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ რიგ შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლასთანაც გვქონდეს საქმე. მთლიანობაში კი, მთავარი საფრთხე არის საქართველო ქართველების გარეშე, რუსიფიკაციის დაჩქარებული ტემპები. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სისტემის დემონტაჟის შემდეგ იქნება საქართველოს მოქალაქე და ქართული ბიზნესი ამ ქვეყანაში რუსული საფრთხისგან დაცული“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *