პაპუაშვილი, რომელიც დღეს, თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას – “ლელო”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ივანიშვილი პერიოდულად გამოიყვანს ხოლმე პატარა ბიჭებს და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს რუსეთის დავალება იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება, – ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

კუპრაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება.

„პაპუაშვილი, რომელიც დღეს, თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება პირიქით, დამაზიანებელი იქნება, მაშინ, როცა პარლამენტი უნდა იყოს მთავარი დამცველი საქართველოს კონსტიტუციის, მაგრამ პაპუაშვილს არ ადარდებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხი, არც მაღალი პენსია და ხელფასი ქართველი ხალხისთვის. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს სხვა ქვეყნის დავალება, ამ შემთხვევაში, რუსეთის იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. მისი შეფასებით, „ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაცია“. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. „სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *