სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა; კრასნოდარის მხარეში ნავთობის საწყობს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება “დოჟდი” იუწყება.
„6 ივნისის დილით, სანქტ-პეტერბურგში უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების მასშტაბური თავდასხმა მოხდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ოპერატიული შტაბის რეკომენდაციების შესაბამისად, ვთხოვ სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში და არ გავიდნენ გარეთ. შესაძლოა, მობილური ინტერნეტის სერვისი შეფერხდეს. საჰაერო საფრთხის აღმოფხვრის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ დასძინა, რომ 6 ივნისის ღამეს რეგიონში 86 დრონი ჩამოაგდეს.
Astra-ს ცნობით, შესაძლოა, დარტყმა მიაყენეს კრონშტადტში მდებარე საზღვაო კადეტთა კორპუსს, პეტერჰოფის ნავთობის საწყობს და ლომონოსოვში მდებარე საზღვაო თერმული ინჟინერიის კვლევით ინსტიტუტს.
ასევე, კრასნოდარის მხარეში დრონით თავდასხმის შედეგად, უსტ-ლაბინსკში ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, იტყობინება რეგიონული სამუშაო ჯგუფი.
„ახლომდებარე სახლებიდან სამოცი ადამიანი უსაფრთხო მანძილზე იქნა ევაკუირებული. შენობებში ფანჯრები დაზიანდა“, – აღნიშნეს მათ.
გარდა ამისა, ტვერის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მოძრავ მანქანაზე დაეცა. ასევე დაზარალდა ტულის ოლქის ქალაქი უზლოვაია.
